logo
ENG



"მესაზღვრეები ჩვენს მებრძოლებს ეხუტებოდნენ" - პრიგოჟინი ამბობს, რომ როსტოვში შედიან

24 ივნ 202303:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/aqvsbkb3ro2x97n.jpg

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ როსტოვში შედიან. ტელეგრამ არხზე მისი მორიგი აუდიოჩანაწერი გავრცელდა.

"მესაზღვრეები გამოდიოდნენ და ჩვენს მებრძოლებს ეხუტებოდნენ, ახლა შევდივართ როსტოვში. თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები, უფრო სწორად კი ახალწვეულები, რომლებიც მიაგდეს ჩვენს შესაკავებლად, გვერდზე გადგნენ. ჩვენ არ ვებრძვით ბავშვებს, ჩვენ არ ვკლავთ ბავშვებს, ბავშვებს კლავს შოიგუ, როცა გაუწვრთნელ ჯარისკაცებს ომში უშვებს. ჩვენს წინააღმდეგ 18 წლის ბიჭები დააყენა. ჩვენ მხოლოდ პროფესიონალებს ვებრძვით. თუ ვიღაც ჩვენს გზაზე დადგება, ყველაფერს გავანადგურებთ. რაც შეეხება განცხადებებს დაპატიმრებებზე - ძმობა, სამართალი, ღირსება და სინდისი - ესაა, რაც ჩვენ გვაქვს. როდესაც განცხადებებს აკეთებს, ეს გრძნობები არ გაქვთ", - ამბობს პრიგოჟინი.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედროებმა დონის როსტოვში შესავსლელი გზები გადაკეტეს. 

23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშუალა. ბიზნესმენის თქმით, ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.

მან განაცხადა, რომ "ბოროტება შეჩერდება" და ყველა მსურველს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისივე მტკიცებით, მის განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ეს არა სამხედრო გადატრიალება, "არამედ სამართლიანობის მარშია". 

ბევრმა მისი განცხადება, სწორედ სამხედრო გადატრიალების მცდელობად აღიქვა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საპასუხოდ აცხადებს, რომ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა გზავნილი და ვიდეომასალა ვაგნერის ბანაკებზე დარტყმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და "წარმოადგენს ინფორმაციულ პროვოკაციას".

ამასთან, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწოდების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

მოსკოვში და დონის როსტოვში ჯავშანტექნიკა შენიშნეს. მოსკოვში სამხედრო ტექანიკამ სახელმწიფო დუმასთან ჩაიარა. გადაკეტილია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ქუჩა. 

პრიგოჟინის განცხადების ფონზე საფონდო ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციების ფასი დაეცა. 

რუსეთის უსაფრთხოების სამსახური ვაგნერის მებრძოლებს მოუწოდებს, დააკავონ მათი ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი. 

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდება. ბახმუტისთვის გამართული ბრძოლების ფონზე, პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს.

პრიგოჟინმა ისინი საბრძოლო მასალის ნაკლებობასა და "რუსული მიწის" დათმობაში ადანაშაულებდა.

ამ დროისთვის პრიგოჟინის ქმედებების ან განცხადებებიბს მტკიცებულებები არ დასტურდება. 


close დახურვა